BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Sunday, August 26, 2012

I want to live, not just SURVIVE!

წავალ-წამოვალ შენ მოგადგები ხოლმე, ალბათ შენზე ერთგული არც არავინ მყავს და იმიტომ, ან მყავს კიდევაც, მაგრამ ვერავინ შემომედავება რომ, შენნაირი მსმენელი არცერთია., თან არც უაზრო დარიგებით მაბრუებ, არც სულელური ქცევებით მტკენ გულს და ზუსტად მაშინ ხარ ჩემთან , როცა ყველაზე მეტად მტკივა და მჭირდება. ბევრს აღარ ვილაპარაკებ შენს არაამქვეყნიურ სიქველეზე, თორემ მგონი სხვანაირადაც შემოგხედავ უკვე. მოკლედ, ისღა დაგრჩენია ჩემი მოთქმა, გოდება და წუწუნი ისმინო მარადჟამ. როგორ მებრალები, მაგრამ , რას იზამ, ეს ყოფილა შენი ბედი.
დიდი ხანია არაფერი მომიყოლია შენთვის, მაგრამ, ალბათ, არც მქონდა რამე სათქმელი. უფრო სწორად "განვედ სიტყვანო არ ძალგიძთ". ასეთი საშინელი წელი დიდი ხანია არ მქონია. ისეთი გადაღლილი ვარ, ეს წელი თუ მშვიდობიანად ჩავამთავრე პრეტენზია მექნება ვარსკვლავი გამიხსნან ჩემი ოთახის წინ. ჩემი ყოველი მონდომება, ყოველი მცდელობა რაღაცის კარგისკენ შეცვლის, მარცხით და ცხოვრებისგან შემოლაწუნებით მთავრდება. ის დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ იღბალი, გამართლება და მსგავსი სიტყვები ჩემი ბედსვედაბერტყებული სიცოცხლისთვის უცხოა, მაგრამ მთლად ასე თუ იყო საქმე არ მეგონა. გულს სულ იმით ვიმაგრებდი - ცოტა წინ გაიხედე, მარტო დღევანდელი რეალობით რომ შეაფასოს ადამიანმა თავისი ცხოვრება გაგიჟდება-მეთქი, მაგრამ ვგრძნობ რომ ძალა გამომელია. მეგონა რაც გავიზრდებოდი და წლები მომემატებოდა სულის სიმხნევეს შევიძენდი, გულუბრყვილობას, გულჩვილობას, მიამიტობას უკან მოვიტოვებდი და თამამად გავუსწორებდი თვალს ყოველდღიურ სინამდვილეს, მაგრამ რაც ვიზრდები მეტად მტკივა გული, მეტად გულჩვილი, მიამიტი და გულუბრყვილო ვხდები, რაც შხამად მეღვრება სულში. თუ არ იცი რომელ ნავსადგურში გინდა შესვლა, ზურგის ქარიც არასდროს დაგიბერავს და ჩემნაირ დაკარგულ ადამიანს რა ქარმა უნდა დაუბეროს. ერთმა მითხრა, თუ გინდა გაგიმართლოს მდინარის დინებას უნდა მიყვეო, მე კი არ შემიძლია ყველანაირი სიყალბის, მლიქვნელობის ატანა, უღირსთათვის თავის მოდრეკა. და რა უნდა ქნას ასეთმა ადამიანმა? მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა იცუროს, მე კი ცურვაც კი არ ვიცი... შეიძლება არასწორად ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ ფაქტი ერთია - დ ა ვ ი ღ ა ლ ე !
პ.ს. გაზრდაზე გამახსენდა, 8-ში კიდევ ერთი წელი მომემატება და უკვე იმდენად დარწმუნებული ვარ რა უაზრო უნდა იყოს ეგ დღე, ოთახში ჩაკეტვას და წიგნის წაკითხვას ვაპირებ.
ჩემო კეთილო, მადლობ, რომ სულ მისმენ, მიყვარხარ ♥ და არ შემიცოდო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ სიბრალული მომწამვლელი და შეურაცხმყოფელი მოწყალებაა..