Saturday, October 23, 2010
ფანჯარა
ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.
სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.
მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.
შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:50 AM
Labels: შარლ ბოდლერი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment