BLOGGER TEMPLATES - TWITTER BACKGROUNDS »

Sunday, October 24, 2010

...

იცი რა მიყვარს?!
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
მინდა ვიყვირო:
„სუყველა გაჩუმდეს!!!...“

იცი რა მიყვარს?!
გაზაფხული რომ მოსაღამოვდება და
რომ იწვიმებს და
იმ ტერფებით,
ცოტა ხნის წინ ჰაერში რომ დააბიჯებდნენ,
ახალდანამულ მიწაზე რომ გავივლი და
ნაადრევად ჩამოცვენილი ფოთლები გამიწვებიან ფეხებთან...
და რომ ავკრეფ სათითაოდ, გზა-და-გზა...
მათ კიდე ძალიან გაუკვირდებათ
გათელვას რომ გადარჩნენ და
ჩემს ხელებში სიხარულით გაინაბებიან....
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

იცი რა მიყვარს?!
იასამნები რომ გაიღვიძებენ და
ხელებს რომ შემოვხვევ უზარმაზარ თაიგულს,
მერე თვალებით ხუთფურცლიან ყვავილს დავუწყებ ძებნას და...
ძლივს რომ ვიპოვნი და მოვწყვეტ...
ცოტა ხნის წინ გაფაციცებული რომ ეძებდნენ,
იმ თვალებს რომ დავხუჭავ და,
სურვილს რომ ჩავიფიქრებ და ყვავილს ჩავყლაპავ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

იცი რა მიყვარს?!
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ხელში გაზაფხულს რომ მოვტაცე მიწაზე ყოფნისას,
ის იასამნები და ფოთლები მიჭირავს და
პატარა ტერფებს მთელი ძალით ვიქნევ ჰაერში...
გარედან „ვიღაცეები“ რომ მეძახიან და
ადამიანებთან დაბრუნდიო, მთხოვენ....
მე კიდე მთელი ხმით მინდა ვიყვირო:
„სუყველა გაჩუმდეს!!!...“

მაგრამ მხოლოდ ვიღიმები...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...

0 comments: