მწვანე
შუშის თითები. ასხლეტილი სხივები და მწვანე. დღის მანძილზე ჭაღის თითებიდან ქანდაკებაზე დაღვრილი მწვანე. მწვანე ფრთები. პალმების მკვეთრი კონტურები - ისინიც მწვანე. მზეში მოელვარე მწვანე სხივები. უდაბნოს ქვიშაზე მოტივტივე მწვანე გუბურები. მათში მოტორტმანე აქლემები. გუბურები გადმოღვრილი ქანდაკებაზე. მოსაზღვრე ლერწამი. უსარგებლო სარეველები . აქ-იქ თეთრი ყვავილი. გადამხტარი ბაყაყი. ღამით მოციმციმე ვარსკვლავები. საღამო. ბუხართან ჩრდილი ხტის მწვანეზე. ამღვრეული ოკეანე. გემები არ ბრუნდებიან. უმიზნო ტალღები ცარიელ ცაზე. ღამე. ლურჯ ლაქებად დაღვრილი სხივები. სრულდება მწვანე.
ლურჯი
ზედაპირზე ამოსული მხეცი აწეული ცხვირით. ნესტოებიდან გადმონთხეული წყლის ორი ნაკადი. ლურჯი შტრიხებით გადაკვეთილი მეზღვაურის შავი ქუდი. სიმღერით დაღვრილი წყალი ლურჯ მძივზე. ბროლის თვალთან შეწყვეტილი ლურჯი. ნაპირზე წამოწოლილი ბლანტი, ყეყეჩი, ასხივებს მშრალ სილურჯეს. მეტალური ლურჯით დალაქავებული ნაპირი. ლურჯი მოტივტივე ნავის კიდეები. ლურჯ ზარებში დარწეული ტალღები.
მაგრამ ტაძარი სხვაა, ცივი, საკმევლით დამძიმებული, მისუსტებულა ლურჯი ღვთისმშობლის შარავანდედით.
Sunday, October 31, 2010
ლურჯი და მწვანე
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:41 AM
Labels: ვირჯინია ვულფი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment