Saturday, October 23, 2010
I LOVE SS ანუ კოცნისმისტერია (ფრაგმენტი)
15 ივლისი
Dear Stephanie!
გუშინდელი წერილი გადავიკითხე, დავფიქრდი _ კი მაგრამ, რატომ გკოცნი?! და საერთოდ, რა არის კ ო ც ნ ა ? ! მართლაც და, რა?!უნდა გავარკვიო, მაგრამ გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს, გაარკვიო ყველაფერი.
გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს,.. აკოცო.
გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს,.. მოკვდე.
გაარკვიო რა არის კოცნა, ნიშნავს,.. აღსდგე!
და მერე ისევ მოკვდე...
“კოცნა”, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ესაა “სიყვარულის, ალერსის, პატივისცემის გამისახატავად ტუჩებით შეხება”.კი, მართალია, ალბათ, ეგრეც შეიძლება ითქვას, მაგრამ განა მხოლოდ ესაა?!“სიტყვის კონა” (ძველთაძველი ლექსიკონია ქართული, XVI საუკუნისა ჩვენს ერამდე) გვამცნობს: ”კოცნა _ ბაგით ამბორი. ამბორი არს სულიერი, ხოლო კოცნა _ ხორციელი”. ამბორზე კი წერია: “სულიერი კოცნა”.და უეცრად მივხვდი, ქართულ ენას ერთი სიტყვა აკლია. დიახ! ერთი, რომელიც გამოხატავდა კოცნას, ხორციელიც რომაა, სულიერიც, და თან, ფშვინვიერიც _ ყველაფერი ერთდროულად, კომპლექსურ-გლობალურად, უნივერსალურად! (გააქვთ ინგლისურში ასეთი სიტყვა? რა, თქვენი ბანალურ-ტრაფარეტული “ქისსინგ” ყველაფერს მოიცავს ვითომ?)
ჯერ ვცადე შემეერთებინა ორი, აწ არსებული, ქართული სიტყვა, “ამბორი” და “კოცნა”, მაგრამ მექანიკურ შეერთებას, მოგეხსენება, შედეგიც შესაბამისი მოსდევს, ანუ უარსო-უშინაარსო. “ამ+ცნა” იქნება თუ “კომ+ბორი”, სასაცილოდ ჟღერს, და თან ვერც მიხვდები, რა იგულისხმება...
და უცებ დამარტყა _ არაა საჭირო ტვინის ჭყლეტა და ხელოვნური კომბინაციების გამოგონება.კოცნა, რომელსაც ვეძებ, არის: კ ო ო ო ც ნ ა ანუ კოცნა მესამე ხარისხში _ კ3 (საერთაშორისო ნოტაციით _ K3).და არა უბრალოდ და აგდებით, ვითომც აქ არაფერიაო: კოცნა!... მერე, ყოველი შემთხვევისათვის, “ქართულ სინონიმთა ლექსიკონშიც” ჩავიხედე. “კოცნა”-ზე მითითებულია _ იხ. “ამბორი”. მეც ვიხ.“ამბორი, ამბორის ყოფა (ამბორი უყო), კოცნა, ბუსვა, პროშტვა, ლოშნა, ტლოშნა, მტლაშა-მტლუში, მთხვევა (ხელზე ემთხვია, ხატს ემთხვია), საბავშ. პაჩი.მძაგს უგულო სიყვარული,ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.შოთა”მძაგს? მძააგს რო?დავფიქრდი...არა მძაგს, ჩემო შოთავ, და რა ვქნა!
Posted by ნაპტკვენი ბუმბული at 11:37 AM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment